English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ აკაკი არსენაშვილი
ცვლადსტრუქტურიანი ოპტიმალური მართვის ამოცანა ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემებისთვის

ცვლადი სტრუქტურის ოპტიმალური მართვის ამოცანების გამოკვლევა ოპტიმალური მართვის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სისტემის სტრუქტურის ცვლილება ნიშნავს იმას, რომ სისტემა წინასწარ უცნობ მომენტში შეიძლება გადავიდეს მოძრაობის ერთი კანონიდან მეორეზე. უფრო მეტიც, სტრუქტურის შეცვლის შემდეგ სისტემის საწყისი მდგომარეობა დამოკიდებულია მის წინა მდგომარეობაზე. ეს აერთიანებს მათ ერთ სისტემაში ცვლადი სტრუქტურით. ასეთი პრობლემები მნიშვნელოვანია სხვადასხვა პრაქტიკული გამოყენებისთვის.

ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემა არის კომპლექსურ მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ყველა ძირითად მოთხოვნილების დაკმაყოფილებას დროის ყოველ მომენტში მოცემული ინტერვალიდან. საზოგადოების მიერ შექმნილი პროდუქცია ძირითადად დაკავშირებულია არსებულ მატერიალურ და შრომით რესურსებთან. გარდა ამისა, ეკონომიკური სისტემა დამოკიდებულია არსებული პოლიტიკური სისტემის არსზე, რომელიც მუდმივია მოცემულ დროის ინტერვალზე. ყველა მათგანი მიღებულია ზოგადი ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემიდან. ცხადია, ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემას აქვს ციკლური ხასიათი და შეუღლებულია დროის ინტერვალთან (ციკლთან). ამიტომ ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემის სუსტი მხარეების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ციკლის ბოლოს ვგებულობთ. გარკვეული ხასიათის ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემას დროის ინტერვალში შესაძლოა ჰქონდეს თავისი ბუნების შეცვლის ტენდენცია. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური სისტემა შეიძლება იყოს სამი ტიპის: პირველი - არადამაკმაყოფილებელი, მეორე - გარდამავალი ან ნეიტრალური და მესამე - ზედმეტად დამაკმაყოფილებელი.
ამ სტატიაში ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა ინდიკატორები, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას ეკონომიკური სისტემის მდგომარეობის შესახებ შესაბამისად დროის მოცემულ ინტერვალში და მოცემულ მომენტში. შესრულებული ანალიზის საფუძველზე დასმულია ეკონომიკური სისტემის ოპტიმალური მართვის ამოცანა. პოლიტიკური სისტემის ცვლილების გათვალისწინებით, ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემის ოპტიმალური მართვის ამოცანა ღებულობს ცვლადი-სტრუქტურის მქონე ოპტიმალური მართვის ამოცანის ფორმას, რომლის არსი დამოკიდებულია საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც მუდმივია დროის გარკვეულ ინტერვალებში, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ წინასწარ უცნობ დროს. საილუსტაციოდ წარმოდგენილია ერთი მარტივი წრფივი ცვლადი სტრუქტურის ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემის ოპტიმალური მართვის ამოცანა.
საკვანძო სიტყვები: ცვლადი სტრუქტურა, მართვის ამოცანა, ეკონომიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური სისტემის ეფექტურობა, სისტემის ეფექტიანობა.